English / ქართული / русский /
ქეთევან შენგელია
გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ანოტაცია. პანდემიის შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებზე აისახა. სტატიაში გაანალიზებულია, თუ როგორ გაუარესდა ადამიანთა ცხოვრების დონე პანდემიის შედეგად. განხილულია უმუშევრობის და ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა, რაც აღრმავებს სიღარიბეს, ქონებრივ დიფერენციაციას.

კრიზისის პერიოდში მთავრობებს ევალებათ არა მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა, არამედ მათ უნდა გადაარჩინონ ბიზნესი და საარსებო წყაროთი უზრუნველყონ მოსახლეობა.

საზოგადოებრივი სისტემის ფასეულობები და ნორმები რადიკალურად შეიცვალა, ძირითადი სტრუქტურების მიმართ სერიოზული საფრთხე ღვივდება და კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელი ხდება. გაურკვევლობა და მოულოდნელობა ის უარყოფითი შოკებია, რომელიც თავს დაატყდა მთელ კაცობრიობას. მსოფლიო შეეჯახა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, რამაც კაპიტალის დეფიციტი გამოიწვია.

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია მეტი დივერსიფიკაცია. მხოლოდ ტურიზმის იმედად ვერ ვიქნებით. უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მომსახურების სფეროები. საქართველოს ეკონომიკის ზრდა დიდად არის დამოკიდებული ინვესტიციებზე, წარმოებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვით სამამულო მრეწველები შეისწავლიან თანამედროვე სამმართველო უნარ-ჩვევებს, უფრო მეტად დააფასებენ საკუთარი ქვეყნის ადამიანურ კაპიტალს, აითვისებენ მაღალ ტექნოლოგიებს, დაქირავებულ მუშაკებს მისცემენ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას. შედეგად ამაღლდება პროდუქციის ხარისხი, შრომის ნაყოფიერება, შემცირდება პროდუქციის თვითღირებულება და ფასებიც დასტაბილურდება. საბოლოოდ მთელი ქვეყნის ეკონომიკა ძალას მოიკრებს, გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და ცხოვრების დონე.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესის გამოწვევები, საქართველოს ეკონომიკა, მიწოდების უარყოფითი შოკი, პანდემია, ცხოვრების დონე.

შესავალი

მსოფლიო რადიკალურად შეცვალა 2020 წლის პანდემიამ და, სავარაუდოდ, არასოდეს გახდება ისეთი, როგორიც იყო. შეიცვალა ურთიერთობები, ბიზნესი,  სრულიად ციფრული გახდა ეკონომიკა და ამით საინფორმაციო ტექნოლოგიებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა — გლობალური კაპიტალისტური სამყაროს მართვა ერთი პატარა კლავიატურის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს წამყვანი აქტორები ერთ ოთახში გამოკეტა და დაუმტკიცა, რომ მთავარი ფული კი არა, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

2020 წლის 12 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის გავრცელებას პანდემიის სტატუსი მიანიჭა და მას შემდეგ უკვე ორი წელზე მეტია შეზღუდვები ხან მკაცრდება, ხანაც ოდნავ მსუბუქდება. საქართველოში 2022 წლის თებერვლის  მონაცემებით კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირებული 1 304 603 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 15 212 ადამიანი გარდაიცვალა[1]. აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ მილიონზე არის 2771; რუსეთში — 2297; თურქეთში — 1032; ისრაელში — 980; ჩინეთში — 3[2]. საქართველოში ყველაზე რთული სიტუაცია ფიქსირდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

არც ერთი თეორია არ იძლევა პასუხს კითხვაზე, რა ტიპის საზოგადოებაში ვცხოვრობთ ამჟამად და რა გველოდება მომავალში. საზოგადოებრივი სისტემის ფასეულობები და ნორმები რადიკალურად შეიცვალა, ძირითადი სტრუქტურების მიმართ სერიოზული საფრთხე ღვივდება და კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელი ხდება.  გაურკვევლობა და მოულოდ­ნელობა ის უარყოფითი  შოკებია, რომელიც თავს დაატყდა მთელ კაცობრიობას. სიტუაცია უფრო მეტად გააღრმავა რუსეთ-უკრაინის ომმა. მსოფლიო შეეჯახა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, რამაც კაპიტალის დეფიციტი გამოიწვია. თუმცა როგორც ეკონომიკური კრიზისების ზოგადი თეორიიდან არის ცნობილი, ეკონომიკური კონიუნქტურის  დინამიკას რიტმულობა ახასიათებს, დაქვეითებას მოყვება აღმასვლა და სწორედ ასეთი აღმასვლის მოლოდინში ვართ დღეისთვის. ნელ-ნელა მსოფლიო გამოდის ამ კრიზისიდან, თუმცა დარჩა მრავალი პრობლემა, რომელიც მოითხოვს დასკვნების გაკეთებას. გაურკვეველია, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა განხორციელდება მსოფლიოში — პრიორიტეტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. 

ძირითადი ნაწილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების მიხედვით, მსოფლიო პანდემიის შედეგად მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, სადაც გლობალიზაციისა და მომსახურების წილი მაღალია, უფრო მეტი ეკონომიკური კლება გამოიწვია, ვიდრე განვითარებადმა ქვეყნებმა. 2020 წლისთვის  მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა[3]  4,4%-ით,  აშშ-ის ეკონომიკა — 4,3%-ით, ევროპის — 8,3%-ით, ლათინური ამერიკის — 8,3%-ით, აფრიკის — 3,0%-ით, განვითარებადი აზიის — 1,7%-ით, შუა აღმოსავლეთის — 4,1%-ით, საქართველოსი კი —  6,8%-ით[4].

საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა დოლარიზაციის მაღალი დონით, ამიტომ დიდად არის დამოკიდებული მისი ეკონომიკა საგარეო ფაქტორებზე. პანდემიის შოკმა მნიშვნელოვნად გააუარესა ეკონომიკური ზრდის ტემპი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ისეთი სფეროები, როგორიცაა გართობა, დასვენება, სასტუმროები, ტურიზმი. აშშ-ში ამ სექტორებში უმუშევრობის მაჩვენებელმა 14,7 % შეადგინა, შესაბამისად დაიკარგა 20 მილიონი სამუშაო ადგილი. იაპონიაში იმავე პერიოდის მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელმა 2,5 % შეადგინა, გერმანიაში — 5,8% და შესაბამისად 373 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. კანადაში უმუშევრობამ 13%-ს გადააჭარბა, რაც 7 მილიონამდე უმუშევარს გულისხმობს[5]. საქართველოში უმუშევრობამ 2021 წლის მეორე კვარტლისთვის პიკს მიაღწია და 22,1% გაუტოლდა, რაც 344,6 ათას კაცს შეადგენდა. სამუშაო ძალა აღნიშნული პერიოდისთვის იყო  1 მლნ 559 ათასი კაცი.[6]

პანდემიის ტვირთი ორმაგად უარყოფითად აისახა ბიუჯეტის მდგომარეობაზე. ერთი მხრივ, შემცირდა საგადასახადო შემოსავლები, მეორე მხრივ — პანდემიის დასაძლევად განხორ­ციელებული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად აღრმავებდნენ სახელმწიფო დანახარჯების წილს. ჯანმრთელობის დაცვისა  და ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯების გარდა, აუცილებელი გახდა ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა, მოხდა ახალი ფისკალური ჩარჩოს შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.  ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა 8,5 %. 

საჭირო გახდა ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაცია. მარტო ტურიზმის იმედად ვერ დავრჩებით. უნდა განვითარდეს სხვა დარგებიც, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მომსახურების სფეროები. პოლიტიკოსებმა უნდა ირწმუნონ ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები, მხოლოდ ერთად გადავრჩებით და დავძლევთ მდგრადი განვითარების გამოწვევებს.

 კრიზისის პერიოდში მთავრობებს ევალებათ არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, არამედ მათ უნდა გადაარჩინონ ბიზნესი და საარსებო წყაროთი უზრუნველყონ მოსახლეობა.

ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვანაირად უპასუხა. საქართველომ 3,5 მილიარდი ლარი გამოყო პირველადი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით. დონორი ქვეყნებიდან შემოვიდა 3,8 მილიარდი დოლარი, თუმცა მისი განაწილება გამჭვირვალე არ ყოფილა. საქართველოში თვითდასაქმებულების მესამედმა მიიღო 300-ლარიანი დახმარება. საერთო ჯამში 2020 წლის ნოემბრისთვის 249 ათას ადამიანს 74,5 მილიონი ლარი ჩაერიცხა. ხოლო პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის გამოიყო  450 მლნ ლარი, თუმცა მისი მესამედიც არ იქნა ათვისებული. დახმარება 162 220-მა ბენეფიციარმა მიიღო, რაზეც  ჯამში 129 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდა. კომუნალური დახმარების პროგრამაზე 173 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც ზამთრის პერიოდში გრძელდებოდა. 18 წლამდე ბავშვების კომპენსაციაზე დახმარება 225 000 ბავშვზე გაიცა და აღნიშნულ პროგრამაზე 185 მილიონი ლარი დაიხარჯა. დახმარება იყო 200 ლარი თითოეულ ბავშვზე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.   სამშენებლო სექტორმა და ტურიზმის სექტორმა ყველაზე მსხვილი მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო. სამშენებლო სექტორს 434 მილიონი ლარი გამოეყო, ტურიზმის სექტორს კი 200 მილიონი ლარი. 2021 წლისთვის მთავრობამ გააგრძელა ეკონომიკის სუბსიდირება განახლებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. 1,1 მილიარდი ლარი განაწილდა მოსახლეობაზე და ბიზნესზე თითქმის თანაბარი მოცულობით — 545 მილიონი და 515 მილიონი შესაბამისად. [7]

ანტიკრიზისულმა გეგმამ მართალია შეამსუბუქა მოსახლეობის პრობლემები პანდემიის პერიოდში, მაგრამ საკმაოდ მცირე მოცულობის იყო. სამუშაოს გარეშე დარჩენილთა 200 ლარიანი დახმარება არასაკმარისი იყო, მით უფრო რომ  გამოყოფილი ბიუჯეტის მესამედის ათვისებაც ვერ მოხერხდა. ფაქტობრივად მათ მიიღეს საარსებო მინიმუმის ტოლი თანხა. 

ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი  ღონისძიება იყო ასევე საკრედიტო ვალდებულებების გადავადება და საშემოსავლო გადასახადის გაუქმება პირველ 750 ლარზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის.

მიუხედავად მთავრობის მრავალმხრივი მცდელობისა, მოსახლეობა უკმაყოფილოა სამომხმარებლო საქონელზე მაღალი ფასების გამო. ფასების ზრდა განსაკუთრებით სურსათზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე აისახა. მაღალი ინფლაცია განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პროცესებით და კიდევ უფრო გააღრმავა რუსეთ-უკრაინის ომმა. ძვირდება იმპორტირებული პროდუქცია. ასევე შარშანდელმა სუბსიდიამ მნიშვნელოვნად გააძვირა სამომხმარებლო საქონელი. ფასების ზრდის პროცენტულმა ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 14%-ს მიაღწია.[8] სწორედ მაღალი ინფლაციის გამო ეროვნულმა ბანკმა არ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და კვლავ 10,5% დატოვა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარი ყველაზე ძვირი ღირდა ბოლო 15 წლის განმავლობაში 3,35 აშშ $, თუმცა 2023 წლისთვის ეს პრობლემა გარკვეულწილად დაძლეულ იქნა და ლარის კურსი  2,5 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.

ინფლაციაზე არაერთი წნეხი, რისკი არსებობს. დაძაბულია გეოპოლიტიკური ვითარება. რუსეთ-უკრაინის ომი ამძაფრებს მდგომარეობას. ამ ყველაფერმა მრავალ გაურკვევლობას დაუდო სათავე, რამაც ყველა ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევების წინაშე დააყენა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი ინფლაცია, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის დამანგრეველად მოქმედებს. ამცირებს რეალურ შემოსავლებს და ცხოვრების დონე მკვეთრად ეცემა არა მხოლოდ ღარიბი, არამედ საშუალო ფენებისთვისაც.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა  ფისკალურ კონსოლიდაციასთან ერთად სხვა თანაბარ პირობებში გამოიწვევს ინფლაციის მიზნობრივ დონემდე ჩამოსვლას გაზაფხულის პერიოდისთვის და ინფლაციური მოლოდინები უმჯობესდება.  თუმცა  აღსანიშნავია ნავთობზე ფასების ზრდა 90 $-დან 100 $-მდე. შესაბამისად მიწოდების უარყოფითი შოკები კვლავ საფრთხეს უქმნის ისედაც მაღალ ფასებს.  თუ მთავრობამ ნავთობზე აქციზის გადასახადი არ შეამცირა, ყოველი მეხუთე ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, რადგანაც ბენზინის გაძვირება ავტომატურად ყველა საქონლის ფასს აძვირებს. ერთი ლიტრი ბენზინიდან სააქციზო გადასახადი ერთ ლარს შეადგენს, რაც მიდის ბიუჯეტში და, სამწუხაროდ, არამიზნობრივად იხარჯება. ყველას მოუწევს ქამრების შემოჭერა: ბიზნესსაც, საზოგადოებას და მთავრობასაც.

რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის გაუმჯობესებას, ეროვნული ბანკი ამას გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, რეფინანსირების მაღალ განაკვეთს უკავშირებს. ამასთან ერთად საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გაიზარდა გზავნილები უცხოურ ვალუტაში, დაიძრა ტურისტული სექტორიც, დონორმა ქვეყნებმა 3,8 მილიარდი დოლარი გადმოგვირიცხეს. აღნიშნული სუბსიდია ეროვნულმა ბანკმა დააკონვერტირა და მოუწია ლარის ემისია. ამანაც წვლილი შეიტანა ინფლაციაში. ეს ყველაფერი, ცხადია, აისახა ლარის გაცვლით კურსზე.

მეორე მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. ამ ეტაპზე გვჭირდება ეკონომიკის აღდგენის მაღალი ტემპი,  ინვესტიციების ზრდა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შევძლებთ გლობალური პროექტების განხორცილებას. განვითარებადი ქვეყნების პრობლემა, მათ შორის საქართველოსი, არის საკუთარი სახსრების სიმცირე. მიზეზი მრავალია: შრომის ანზღაურების დაბალი დონე, დაბალი შემოსავლები, დანაზოგები ძალიან მცირეა ან საერთოდ არ აქვს მოსახლეობას. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეარბილებს კაპიტალის მობილიზების პრობლემას. გაიზრდება დასაქმება, მოვიზიდავთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ამაღლდება გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამით შევამცირებთ იმპორტის მოცულობას და ექსპორტსაც შევუწყობთ ხელს, გაიზრდება ხარისხიანი უსაფრთხო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა.

ცნობილია უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითია ის, რომ სამამულო მრეწველები შეისწავლიან თანამედროვე სამმართველო უნარ-ჩვევებს, აითვისებენ მაღალ ტექნოლოგიებს, დაქირავებული მუშაკები აიმაღლებენ კვალიფიკაციას, ამაღლდება პროდუქციის ხარისხი, შრომის ნაყოფიერება, პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება და ფასებიც დასტაბილურდება. საბოლოოდ მთელი ეკონომიკა ძალას მოიკრებს, გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი.

უარყოფითი ეფექტებიდან ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ შესაძლებელია კიდევ უფრო გაღრმავდეს ქონებრივი განსხვავება  მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მაგალითად, ირლანდიური კომპანიის მიერ „აჭარაბეთის“ შესყიდვას  ღარიბი ფენების მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია. ამიტომ უარყოფითი ეფექტები დაძლეულ უნდა იქნეს კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრით, ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატის შემცირებით, საინვესტიციო პროექტების შემუშავებით, პოტენციური ინვესტორებისთვის რეალური ვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებით. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ სიტუაციაში ეკონომიკის გაჯანსაღებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.

ამგვარად, საქართველოს ეკონომიკის ზრდა დიდად არის დამოკიდებული ინვესტიციებსა და წარმოებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ამიტომ მან უნდა გააფართოოს ბაზარი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ინდოეთი. ასევე მნიშვნელოვანია მონეტარული და ფისკალური მდგრადობა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Barton A.H., Communities in Disaster: A sociological Analysis of Collective stress Situations-New York:Doubleday, 2020.
  2. Kondratieff  N.D. The World Economy and IIIt’s Conjectures During and after the War. 2004Y.
  3. http://www.mfa.gov.ge/print.php.gg=10sec-id=768info
  4. http://www.apn.ru/publications/print23547.htm
  5. http://www.economy.ge


[1] https://stopcov.ge/

[2] https://www.trt.net.tr/georgian/covid19

[3] მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა,  ოქტომბერი, 2021წ. https://nbg.gov.ge

[4] https://www.geostat.ge/ka

[5] https://forbes.ge/blogs/covid-19-e1-83-98-e1-83

[6] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

[7] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვა, idfi.ge/ge/overview_of_the anticrisis_plan

[8] https://www.geostat.ge/media/42968/ინფლაცია-საქართველოში-იანვარი-2022.pdf